გლუვლულიანი თოფი-რევოლვერი დასაქოქი გასაღებით.
თოფებს პოლიციელები და სამხედროები ბოლო დროს ხშირად რომ იყენებენ, არ არის
ახალი, მაგრამ დასაქოქი გასაღებით აღჭურვილი საბრძოლო თოფი მართლაც
უჩვეულო რამ არის.
როდეზიის მკვიდრმა ჰილტონ უოლკერმა გასული საუკუნის 80-იანი წლების
დასაწყისში შექმნა უცნაური კონსტრუქციის საბრძოლო თოფი, რომელსაც ყველა
არსებულ ანალოგიურ იარაღთან შედარებით არანაკლებ ორჯერ მეტი ვაზნის მარაგი
ჰქონდა. არადა, რაც მეტი ვაზნაა არსენალში, მით უფრო თავდაჯერებულია
მებრძოლი.
ჩვეულებრივ, გლუვლულიან საბრძოლო თოფებში (მაგალითად, ამერიკულ Remington
870-ში თუ იტალიურ Beretta 1210FP-ში) 5-6 ცალ 12 კალიბრის თოფის ვაზნას
ლულის ქვემოთ განთავსებულ მილში ერთმანეთის მიყოლებით აწყობენ და გადატენა
მილის წინ და უკან მექანიკური მოძრაობით ხდება. როდეზიიდან სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკაში გადაბარგებულმა უოლკერმა პოლიციასა და სამხედროებს შესთავაზა
მოდერნიზებული საბრძოლო თოფი, რომლის რევოლვერისმაგვარ უზარმაზარ დოლურაში
ორჯერ მეტი (ჩვეულებრივ საბრძოლო თოფებთან შედარებით) 12 ვაზნა
თავსდებოდა.
რევოლვერის გადატენვა, ანუ დოლურის ტრიალი, სასხლეტზე თითის დაჭერით
შეიძლება, მაგრამ საბრძოლო თოფის უზარმაზარი დოლურის დატრიალებას სასხლეტზე
თითის დაწოლით ადამიანი ვერ შეძლებდა. ამიტომაც უოლკერი მესაათეებს
დაესესხა იდეას: დოლურაში 12-ვე თოფის ვაზნის ჩადების შემდეგ, დოლურის წინ
განთავსებული სპეციალური გასაღებით მსროლელი სპირალის ზამბარას (ისევე
როგორც ძველ მექანიკურ საათებს ქოქავდნენ გასაღებით) მომართავდა.
სასხლეტზე თითის დაწოლით მომართული ზამბარა დოლურას ისე გადაატრიალებდა,
რომ თითოეული ფანჯარა ვაზნითურთ ლულას გასწორებოდა. მართალია, ასეთი
კონსტრუქციული გადაწყვეტილება უზრუნველყოფდა სროლის შედარებით სწრაფ ტემპს,
მაგრამ ხშირად ზამბარა ერთის ნაცვლად ორ ნაბიჯს აკეთებინებდა დოლურას.
ამიტომაც ამ და სხვა ხარვეზების გამო 80-იანი წლების ბოლოს უოლკერმა
დააპროექტა იარაღის მოდერნიზებული ვარიანტი Protecta, რომელშიც გადატენის
ზამბარიანი მექანიზმი ხელის მექანიზმით შეცვალა. ლულის ქვეშ განთავსებული
ხელის მოსაკიდი მარცხნივ-მარჯვნივ ბრუნავს და ატრიალებს ლულის გარსაცმსაც,
რომელიც, თავის მხრივ, დოლურას აბრუნებს.
Striker-ში გასროლილი ვაზნების მასრების დოლურიდან ექსტრაქცია ხელით
ხდებოდა, ხოლო Protecta-ში კი ისინი ავტომატურად იყრება ლულიდან
გამოდევნილი დენთის აირების მეშვეობით, გარდა უკანასკნელი მასრისა.
აშშ-ში იყიდება Striker-ის ასლი სახელად Streetsweeper-ი, რომელსაც ადგილობრივი კანონის მოთხოვნისამებრ დაგრძელებული ლულა აქვს.
Protecta რუსეთში 50 სმ სიგრძის ლულით იყიდება, ორამდე შემცირებული
ვაზნების მარაგითა და სპეციალური შემზღუდავით, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ
ძლიერი თოფის გამოყენებას დაკეცილი კონდახით.
დოსიე: საბრძოლო თოფის Striker-ის სიგრძე დაკეცილი კონდახით 508 მმ-ია,
გახსნილით კი 792 მმ. ლულის სიგრძე 304 მმ-ს შეადგენს. იარაღის მასა
ვაზნების გარეშე 4,2 კგ-ს აღწევს. დოლურაში 12 ცალი თოფის ვაზნა თავსდება.
მოდერნიზებულ Protecta-ში დოლურის ბრუნვა სხვა მექანიზმით ხდება.
Striker-ი სამი სხვადასხვა სიგრძის ლულით
რუსული საბრძოლო თოფი сайга-12-ი სამხრეთაფრიკული Striker-ი
|
Striker |
Protecta |
კალიბრი |
12 (დოლურა 70 მმ) |
12 (დოლურა 70 მმ) |
სიგრძე (კონდახი დაკეცილი/გახსნილი), ლულით304 მმ |
508 / 792 მმ |
500 / 800 მმ |
ლულის სიგრძე |
304 ან 457 მმ (ასევე სხვადასხვა ვარიანტები) |
304 ან 457 მმ (ასევე სხვადასხვა ვარიანტები) |
წონა ვაზნების გარეშე |
4.2 კგ |
4.2 კგ |
მჭიდი |
12 ვაზნა,მჭიდი არ იხსნება,მბრუნავი დოლურა |
12 ვაზნა,მჭიდი არ იხსნება,მბრუნავი დოლურა |
|