სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, ევროპულ
ავიამშენებელ კონცერნ Airbus-ს კუთვნილი თანხის დაბრუნებას სთხოვს.
საუბარია თანხაზე, რომელიც შავი კონტინენტის ამ სახელმწიფომ ევროპული
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შეძენაზე გამოყო.
ჯერ კიდევ 2004 წლის დეკემბერში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, რვა
ერთეულის ოდენობით A400M-ის შეძენაზე თანხმობა განაცხადა. მეტიც,
თვითმფრინავების შეძენის გარდა, კონცერნ Airbus Military-სთან სამრეწველო
პარტნიორის სახით მიერთების საკითხიც კი განიხილებოდა. გეგმის მიხედვით,
თვითმფრინავების მოწოდება 2010-2012 წლებში უნდა მომხდარიყო. მაგრამ ჯერ
კიდევ 2009 წლის 3 აპრილს, სამხრეთ აფრიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა
განაცხადეს, რომ ევროპული სატრანსპორტო თვითმფრინავის მოწოდების ვადების
გაურკვეველი დროით გადაწევის გამო, მისი ალტერნატივის ძებნას იწყებენ.
თანხის დაბრუნების მოთხოვნა, 2011 წლის ივნისში, პარიზში, სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ლინდივე ციცულუს ვიზიტისას გაჟღერდა.
რა თქმა უნდა, ევროპელები თანხის დაბრუნების წინააღმდეგნი არიან და
ამასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები გააჩნიათ. Airbus-ის
წარმომადგენლების განცხადებით, A400M-ის პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ
აფრიკის ამ ქვეყანაში უკვე განათავსა გარკვეული საწარმო და
სამეცნიერო-კვლევითი შეკვეთები. შესაბამისად, აფრიკელების მიერ
გადმორიცხული თანხის ნაწილი, ამ შეკვეთების სახით, მათ უკან დაუბრუნდათ.
დარჩენილი თანხის ნაწილის დაბრუნებას კი ევროპელები საავიაციო პროდუქციით
გეგმავენ.
რაც შეეხება დავის მიზეზს, სამხედრო-სატრანსპორტო A400M-ზე მუშაობა,
გასული საუკუნის 1980-იან წლებში დაიწყო. ზოგადად, სამხედრო ავიაციაში
სატრანსპორტო თვითმფრინავებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რადგან
სამხედრო კამპანიის ეფექტურობა, ჯარების სწრაფ გადასროლაზეა დამოკიდებული.
1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები,
საკუთარი საავიაციო ტექნიკის შექმნაზე ინტენსიურად მუშაობდნენ. მაგრამ
ცალ-ცალკე რომ ვერაფერს გახდნენ, 1980-იანი წლებისთვის, კონცერნებში
დაიწყეს გართიანება და საავიაციო ტექნიკის ახალ ნიმუშებზე ერთობლივად
დაიწყეს მუშაობა. სწორედ ასეთი გზით შეიქმნა კომპანია Airbus, რომელიც,
დღეისთვის, ევროპის საავიაციო მრეწველობის უმსხვილესი კორპორაციაა.
ახალ A400M-ზე (Airbus Military) მუშაობა 1982 წელს დაიწყო. იმ პერიოდში
ევროპის ქვეყნების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის შეიარაღებაზე,
ამერიკული წარმოების C-130-ები და ფრანგულ-გერმანული C-160-ები იყვნენ.
სწორედ მათ ჩანაცვლებას ფიქრობდა ახალი ფართოფიუზელაჟიანი A400M-ებით,
ევროპული კომპანია. ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, ჩრდილო ატლანტიკური
ალიანსის წევრ ქვეყნებზე კეთდებოდა. ახალი თვითმფრინავის შესაქმელად,
კონსორციუმი Airbus Military შეიქმნა, რომელშიც ფრანგული Aerospatiale,
ბრიტანული British Aerospace, იტალიური Alenia, ესპანური CASA და გერმანული
DASA შევიდნენ. ჩამოთვლილი კომპანების გარდა, ასოცირებული წევრების სახით
კონსორციუმში ბელგიური, თურქული და პორტუგალიური კომპანიებიც არიან
გაწევრიანებულნი.
A400M, რომელიც ევროპის ყველაზე ამბიციურ პროექტს წარმოადგენს, პირველად
2009 წლის 11 დეკემბერს აფრინდა. თვითმფრინავის შემქმნელებმა და
დამკვეთებმაც მშვიდად ამოისუნთქეს – თვითმფრინავის სერიული წარმოებისკენ
პირველი ნაბიჯი გადაიდგა.
ამ მოვლენას იმდენად დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ, რომ
დამკვეთებმა Airbus-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეც კი დაიწყეს
ფიქრი. თანაც საქმეს თვითმფრინავის მუდმივად მზარდი ღირებულება ართულებდა.
ყველაზე უარეს შემთხვევაში კი, პროგრამას, უბრალოდ, დახურავდნენ,
დამამზადებელ ფირმას კი კომპენსაციებისა და ჯარიმების სახით, 5.7 მილიარდი
ევროს გადახდა მოუწევდა.
პირველი თვითმფრინავის მშენებლობა სევილიაში 2007 წელს დაიწყო. ოთხი
წლით ადრე კი, საფრანგეთმა (50 ცალი), გერმანიამ (53 ცალი), იტალიამ (32),
ესპანეთმა (27), დიდმა ბრიტანეთმა (22), თურქეთმა (10), ბელგიამ (7) და
ლუქსემბურგმა (1) ხელი 202 თვითმფრინავის შეძენის ხელშეკრულებას მოაწერეს
ხელი.
მაგრამ თვითმფრინავის მშენებლობისას წარმოქმნილი სირთულეების გამო,
სერიული წარმოების დაწყების ვადებმა მნიშვნელოვნად გადაიწია. ეს კი
თვითმფრინავის პირველ აფრენის ვადაზე უარყოფითად აისახებოდა.
თავდაპირველად, ამ თარიღად 2008 წლის სექტემბერი სახელდებოდა, რეალურად კი,
პირველი აფრენა 2009 წლის 11 დეკემბერს შედგა.
პრობლემების მიუხდავად, ნაკლებსავარაუდოა, რომ A400M-ის პროექტი
გაჩერდეს, რადგან ევროპას ამ მხრივ ალტერნატივა არ გააჩნია.
სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების ბაზარზე ამერიკის დომინანტობის
მოსაშორებლად, ევროპამ იმდენად ღრმად შეტოპა, რომ გაჩერება უკვე გვიანია.
მაგრამ უფულობის მიზეზით, იტალია გამოვიდა კონსორციუმიდან და შესაკვეთი
თვითმფრინავების რიცხვი 170-მდე შემცირდა, მათი საერთო ღიერბულება კი 19
მილიარდამდე გაიზარდა. ერთი თვითმფრინავის ფასი, დღეისთვის, 136 მილიონი
ევროა.
ამჟამად, ევროპის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის იმედი საფრენოსნო
გამოცდებს გადის. თუმცა, მისი სერიული წარმოების ვადებზე ლაპარაკი, ჯერ
ნაადრევია.
რაც შეეხება, სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ფულის დაბრუნებასთან
დაკავშირებით, ამჟამად ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა,
აფრიკელები პოზიციას არ იცვლიან და ფულის დაბრუნებას 15 დღის ვადაში
ითხოვენ.
|