საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვის რეაქციასთან
დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საქმე ეხება ბათუმის პორტში აშშ-ის
სამხედრო-საზღვაო გემის, „მონტერეის" შემოსვლას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შავ ზღვაში
ქართულ-ამერიკული სწავლებები შედგება, ხოლო რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს
უკმაყოფილება გამოხატოს დაგეგმილ სწავლებებზე, რომელიც ორი სუვერენული
სახელმწიფოს შეთანხმების მიხედვითაა გათვალისწინებული. რუსეთს ეს არ ეხება –
განაცხადა დიპლომატმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შავ ზღვაში
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კრეისერის შემოსვლასთან დაკავშირებით,
შეშფოთება გამოთქვა. მოსკოვში განაცხადეს, რომ რუსული საზღვრების სიახლოვეს
აშშ-ის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ელემენტების გამოჩენა, რუსეთის
ფედერაციას უქმნის საფრთხეს.
|