მსხვილკალიბრიანი შაშხანისა და მცირეკალიბრიანი ქვემეხის ზღვარზე.
სამხრეთაფრიკული ანტიმატერიული შაშხანა NTW-20 კილომეტრ-ნახევარში თვითმფრინავს ნაფლეთებად აქცევს.
მას შაშხანა ჰქვია, მაგრამ ერთი მებრძოლის ხელში ნამდვილი მცირე
არტილერიაა, რომლის საშუალებითაც კარგი მსროლელი 1,5 კმ-ში მყოფ შეუჯავშნავ
მანქანას თუ შვეულმფრენს ჯართის გროვად აქცევს, რადგან 20 მმ კალიბრის
ჭურვებს ისვრის.
ათწლეულების განმავლობაში, აპარტეიდის გამო სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკისთვის შეიარაღების მიყიდვაზე დასავლეთს (და სხვათა შორის,
საბჭოთა კავშირსაც) ემბარგო ჰქონდა გამოცხადებული. ამან გარკვეულწილად
დადებითად იმოქმედა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სამამულო წარმოების
შეიარაღების განვითარებაზე, რომლის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია
ანტიმატერიული შაშხანა NTW-20.
კონსტუქტორმა ტონი ნეოფიტუმ ეს იარაღი გასული საუკუნის 80-იანი წლების
დასაწყისში შეიმუშავა. მოგვიანებით ყველა უფლება ამ იარაღზე იყიდა მსხვილმა
სამხრეთაფრიკულმა ფირმა Mechem-მა, რომელიც ადგილობრივი
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი რგოლია.
1998 წელს NTW-20 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის არმიის შეიარაღებაში მიიღეს და მას შემდეგ საექსპორტოდაც გადის.
ანტიმატერიული NTW-20-ის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ტექნიკისა და
მატერიალური საშუალებების შორ მანძილზე მწყობრიდან გამოყვანა, მათ შორის –
ავტომობილების, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დანადგარების,
რადიოლოკაციური სადგურების თუ აეროდრომზე მდგარი თვითმფრინავებისა და
შვეულმფრენების.
ამისთვის NTW-20-ში გამოიყენება 20 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური და
ცეცხლგამჩენი ჭურვები. ფაქტობრივად, ეს ჭურვები იმათი ანალოგია, რომლებსაც
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული "მესერშმიდტებისა” და "ფოკე-ვულფების”
საავიაციო ქვემეხები ისროდნენ.
ითვლება, რომ NTW-20-ით ნასროლი ამ 20 მმ-იანი ჭურვით 1500 მ დისტანციაზე
შეუძლია მსუბუქი ავტომობილის გაბარიტების მქონე მიზნის დაზიანება.
გამოცდებისას გადაღებულ ვიდეოფირზე კარგად ჩანს, 20 მმ-იანი ჭურვი როგორ
აკეთებს ფეხბურთის ბურთისხელა ნახვრეტს მანქანის კარში.
უფრო შორ მანძილზე და უფრო ზუსტად სროლისთვის NTW-20-ს უცვლიან ლულას,
საკეტსა და მჭიდს, რის შემდეგაც მას უკვე 14,5 მმ კალიბრის ტყვიების
გასროლა შეუძლია.
ისე, არ შეიძლება, არ აღინიშნოს სამხრეთაფრიკელი კონსტრუქტორის
ორიგინალურობა, რომელმაც ერთ იარაღში გააერთიანა ორი უდიდესი მტრის
შეიარაღება. თუკი NTW-20-ში გამოყენებული 20 მმ-იანი ჭურვებით გერმანული
"ლიუფტვაეფს” თვითმფრინავები საბჭოთა T-34-ებს ჰაერიდან ცხრილავდნენ, ამავე
იარაღის მეორე კალიბრის 14,5 მმ-იანი ჯავშანმაგნატი ტყვიებით საბჭოთა
მეომრები გერმანული მსუბუქი ტანკების ჯავშანს ხვრეტდნენ.
საბჭოთა ვაზნაზე 14,5X114 მმ აწყობილი სამხრეთაფრიკული NTW-20-ის (სხვათა
შორის, ფაქტობრივად, იმავე ვაზნას იყენებენ БТР-70 და БТР-80 ტიპის საბჭოთა
ჯავშანტრანსპორტიორები, რომლებიც ქართული არმიის შეიარაღებაშიც არიან)
ზუსტი გასროლა 2,3 კმ სიშორეზეც შეიძლება მოწინააღმდეგის ტრანსპორტის
დასაზიანებლად.
სამხრეთაფრიკული NTW-20 შექმნიდან მეოცე წლისთავზეც რჩება მსოფლიოში
ყველაზე ძლიერ მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანად, რომელიც ერთი ფეხით
მცირეკალიბრიან ქვემეხებშიც გადადის.
Mechem NTW-20 არასრული დაშლა
დოსიე: იარაღში გამოყენებულია წრფივად მობრუნებადი საკეტი. ლულები
სწრაფად იცვლება, რისთვისაც საჭიროა ვაზნის ბოლოთი ლულის სამაგრის
მობრუნება. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შაშხანა აღჭურვილია ასევე მძლავრი
უკუცემის გამანეიტრალებელი მექანიზმით, რომელშიც გაერთიანებულია
ჰიდრავლიკური დემპერი და პნევმატური შემაკავებელი, დაახლოებით ისევე,
როგორც საარტილერიო სისტემებში. გასროლისას მჭიდროდ ჩაკეტილი საკეტი
იარაღის კორპუსის შიგნით გადაადგილდება, რითაც მცირდება უკუცემის ძალა. ამ
ძალას ასევე ამცირებს ლულის ბოლოში დაყენებული დიდი ზომის ლულის მუხრუჭი.
დოსიე: სამხრეთაფრიკული მსხვილკალიბრიანი შაშხანა NTW-20 გათვლილია 20
მმ-იანი ჭურვების ან 14,5 მმ-იანი ტყვიების სასროლად. ორივე შემთხვევაში
გადატენა ხელით ხდება მჭიდიდან, რომელიც იარაღს მარცხენა მხარეს აქვს.
იარაღის ლულის სიგრძე 1000 მმ-ია, 20 მმ-იანი __ ჭურვების სროლისას და 1220
მმ-იანი 14,5 მმ კალიბრის ტყვიების გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად,
მათი წონა 26 და 29 კგ-ია, ხოლო იარაღის სიგრძე კი 1795 მმ და 2015 მმ.
მჭიდში სამი ჭურვი ან სამი ვაზნა ეტევა.
NTW-20,ვარიანტი ლულით20 მმ
NTW-20,ვარიანტი ლულით14,5 მმ
|
20 მმ კალიბრის ვარიანტი |
14.5 მმ კალიბრის ვარიანტი |
კალიბრი |
20×83.5 მმ MG151 |
14.5×114 მმ |
მექანიზმი |
გადატენვა ხდება ხელით,წრფივად მობრუნებადი საკეტი |
გადატენვა ხდება ხელით,წრფივად მობრუნებადი საკეტი |
ლულის სიგრძე |
1000 მმ |
1220 მმ |
წონა |
26 კგ |
29 კგ |
სიგრძე |
1795 მმ |
2015 მმ |
მჭიდი |
მოსახსველი კოლოფისებრი 3 ვაზნა |
მოსახსველი კოლოფისებრი 3 ვაზნა |
სროლის ეფექტური მანძილი |
1500 მ |
2300 მ |
|