ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები მუამარ კადაფის მხრიდან სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის საფრთხეს ვერ ხედავენ.
ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა გენერალმა ჯეკ კეინმა ტელეკომპანია
BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, მუამარ კადაფი და მისი
მომხრეები არ წარმოადგენენ ისეთ ძალას, როგორიც მაგალითად, სადამ ჰუსეინი
იყო. კეინის განცხადებით დაწყებული ოპერაცია დიქტატორისთვის და მისი
მომხრეებისთვის კარგი ზეწოლის მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ დაფიქრდნენ
იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებისკენაც მათ საერთაშორისო
თანამეგობრობა მოუწოდებს.
"შესაძლოა, მიზნის მისაღწევად გარკვეული ძალების განადგურებაც გახდეს
საჭირო. თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ” – აღნიშნა ჯეკ კეინმა.
გარდა ამისა, ამერიკელმა გენერალმა გააკეთა განმარტება იმის შესახებაც,
რომ დღეს დაწყებული ოპერაცია არ უნდა იყოს განიხილული როგორც ლიბიის
ოპოზიციის მხარდაჭერა. მისი თქმით, ოპერაციის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო
მოსახლეობის დაცვაა.
გუშინ საერთაშორისო ძალებმა ლიბიის დიქტატორის წინააღმდეგ საჰაერო
დარტყმების განხორციელება დაიწყეს. პირველი დარტყმები კადაფის ჯარებს
ფრანგულმა თვითმფრინავებმა მიაყენეს.
"ინტერპრესნიუსი”
|