"გააშიშვლა"
არც ერთი დღე სკანდალური სენსაციის გარეშე - WikiLeaks-მა მსოფლიო
პოლიტიკა კრახის წინაშე დააყენა
ინტერნეტსაიტ WikiLeaks-ზე
დადებული ახალი დოკუმენტების პაკეტი კიდევ ერთი უდიდესი დარტყმა გახდა
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხელისუფალთათვის. 23 ოქტომბერს ამ საიტზე
ერაყის ომთან დაკავშირებით 400 ათასზე მეტი დოკუმენტი დაიდო, რაც ძირითად
თავსატეხად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებისთვის იქცა, თუმცა ბოლო
დღეებში საიტზე გამოქვეყნებულმა 252 ათასამდე დოკუმენტმა მართლაც
შეაზანზარა მსოფლიო.
ეს ძირითადად ის დიპლომატიური შეტყობინებებია,
რომლებიც წლების განმავლობაში აშშ-ის 274 საელჩოდან - ვაშინგტონში, ხოლო
სახელმწიფო დეპარტამენტიდან ამერიკულ წარმომადგენლობებში, გაეროსა და
NATO-ს შტაბბინებში იგზავნებოდა.
ჭიკილეაკს-ი თავის ინტერნეტსაიტზე
ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ისეთ ინფორმაციას, რომლის გასაცნობად
სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურები დიდძალ თანხას არ დაიშურებდნენ.
აღსანიშნავია,
რომ საიტზე ბოლოს დადებული 252 ათასამდე დოკუმენტიდან მხოლოდ 16 ათასამდე
გზავნილს ადევს გრიფი "საიდუმლო", 102 ათასამდე - გრიფი "კონფიდენციალური",
დანარჩენს კი - გრიფი "სამსახურებრივი მომსახურებისთვის".
როგორც
ჩანს, საიტზე დადებული დოკუმენტების უდიდესი ნაწილი მეტისმეტად
გასაიდუმლოებული არ იყო და მასზე ხელი მიუწვდებოდა ბევრ ამერიკელ
ჩინოვნიკს, რომლებიც მუშაობდნენ როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე
პენტაგონსა თუ სხვა ამერიკულ სახელმწიფო სტრუქტურებში.
"სამსახურებრივი
მოხმარების" გრიფდადებულ დოკუმენტში ძირითადად ის ანგარიშებია შესული,
რომლებსაც ამერიკული საელჩოებიდან ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში
გზავნიდნენ. ამ ანგარიშებში იყო იმ საუბრების ანალიზი, რომლებსაც ამერიკელი
დიპლომატები ამა თუ იმ ქვეყნის დიპლომატებთან, პოლიტიკოსებსა თუ
სამხედროებთან მართავდნენ.
ასეთი საუბრები (ხშირად
ა-ლა-ფურშეტებზე, ჭიქა ღვინით ხელში) ბევრად გულწრფელი იყო, ვიდრე
ოფიციალური შეხვედრები ტელეკამერების წინ. ამერიკელი დიპლომატები
აანალიზებდნენ ამ ღია დიალოგებს და ანგარიშს ვაშინგტონში, სახელმწიფო
დეპარტამენტში გზავნიდნენ. ანგარიშებში მოყვანილი იყო ის გამონათქვამები,
რომლებითაც ადგილობრივი დიპლომატები და პოლიტიკოსები სახელმწიფო მეთაურებს
ახასიათებდნენ.
ასეთი გამონათქვამები ცნობილ პიროვნებებზე მედიაშიც
არაერთხელ გამოქვეყნებულა, მაგრამ ერთია ჟურნალისტის აზრი და მეორე -
დიპლომატის თუ ცნობილი პოლიტიკოსის.
WikiLeaks-ი თვე-ნახევრის
განმავლობაში გააგრძელებს საიდუმლო დოკუმენტების ეტაპობრივად
გამოქვეყნებას, რათა დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდეთ, დეტალურად
გაეცნონ მათ.
ჩვენ, ბუნებრივია, გვაინტერესებს, რას გადასცემდნენ
ამერიკელი დიპლომატები ვაშინგტონში ჩვენი ქვეყნის შესახებ.
ჯერჯერობით
საქართველოს შესახებ ვებგვერდზე მხოლოდ რამდენიმე ათეული დოკუმენტი დაიდო,
რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება, მაგრამ, ცხადია, ძირითადი
მასალა ჯერ კიდევ წინაა, რადგან WikiLeaks-ი საქართველოს შესახებ კიდევ
1167 დოკუმენტის გამოქვეყნებას აპირებს (შედარებისთვის, აზერბაიჯანის
შესახებ 1569 დოკუმენტი დაიდება, ხოლო სომხეთზე - 1735).
მათგან
ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია 2007 წლის 9-10 ოქტომბერს მოსკოვში
პუტინისა და სარკოზის შეხვედრის აქამდე უცნობი დეტალები. ამ შეხვედრაზე
არაოფიციალურ გარემოში საფრანგეთის პრეზიდენტს თავისი რუსი კოლეგისთვის
უთქვამს, რომ საფრანგეთი ეწინააღმდეგება საქართველოს NATO-ში სრულ
გაწევრებას და რომ შესაძლებელია რაღაც ნაკლების, ვიდრე NATO-ს წევრობაა,
მიცემა საქართველოსთვის. სრულ წევრობამდე აუცილებელია, საქართველომ
ტერიტორიული პრობლემები მოაგვაროს.
როგორც ამ დოკუმენტიდან
ირკვევა, სარკოზის სააკაშვილისთვის უთქვამს, რომ ის მხარს დაუჭერს
საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა კვლავ
წინააღმდეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის
მიზეზი გახდება და სეპარატისტულ რეგიონებთან საქართველოს პრობლემებს
შეუქმნის, - ამის შესახებ დოკუმენტში წერს საფრანგეთში აშშ-ის მაშინდელი
ელჩი კრეგ სტაპლეტონი.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ჩანს ყაზახეთში
აშშ-ის ელჩის, რიჩარდ პოკლანდის დიპლომატიური გზავნილი ვაშინგტონში,
სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელიც 2009 წლის 5 ივნისითაა დათარიღებული.
ამ
დღეს აშშ-ის ელჩი ასტანის ერთ-ერთ რესტორანში თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა.
ჩინელი დიპლომატი გუოპონგი მანამდე 4 წლის განმავლობაში საქართველოში
მუშაობდა და ჩანს, ჭიქა ღვინით ხელში აშშ-ის ელჩს დაუფარავად გაუზიარა
თავისი აზრი საქართველოს შესახებ; აშშ-ის ელჩის მიერ სამშობლოში გაგზავნილ
მოხსენებაში წერია, რომ როგორც სადილის დროს ჩინელმა დიპლომატმა განაცხადა:
"სააკაშვილი არ არის მომწიფებული პოლიტიკური ლიდერი, მან ზედმეტად
მწვავე რეაგირება მოახდინა რუსეთის პროვოკაციაზე და რუსეთს მისცა
შესაძლებლობა, მიეთვისებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი".
"2008 წლის
ივლისში სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის საქართველოში ვიზიტმა
არაპირდაპირ წააქეზა სააკაშვილი სამხედრო მოქმედებისკენ. სააკაშვილი მოკლედ
მოუყვა რაისს ქართული სამხედრო ძალების მობილიზაციასთან დაკავშირებული
გეგმების შესახებ. ის ფაქტი, რომ რაისი მის გეგმებს აშკარად არ
შეეწინააღმდეგა, სააკაშვილმა ამერიკის მხარდაჭერად აღიქვა, - განუცხადებია
ასტანის რესტორანში ჩინელ დიპლომატს ამერიკელი კოლეგისათვის და ისიც
დაუმატებია, რომ ბურჯანაძე ბევრად მომწიფებულია პრეზიდენტობისთვის, ვიდრე
სააკაშვილი. სააკაშვილი დიდხანს არ დარჩება".
როგორც ხედავთ, ჩინელი
დიპლომატის პოლიტიკური პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა. ამ ახალი
დოკუმენტებით, ალბათ, კიდევ ბევრ რამეს აეხდება ფარდა, მათ შორის -
რუსეთ-საქართველოს ომის მიმართ ამერიკელი დიპლომატების დამოკიდებულებას.
ასევე, ცნობილი გახდება რუსი და ქართველი ჩინოსნების არაოფიციალური
გამონათქვამები.
იმედია, ამ დოკუმენტებიდან სასარგებლო ინფორმაციას
მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები არ აიღებენ და შესაბამისი ქართული უწყებებიც
დროულად და სწორად გააანალიზებენ "ციდან ჩამოვარდნილ ლუკმას"...
P.S.
WikiLeaks-ი საიდუმლო დოკუმენტების დადებას ერთ-ერთი მსხვილი ამერიკული
ბანკის შესახებაც აპირებს, თუმცა, არ არის გამორიცხული, მანამდე ამერიკულმა
სპეცსამსახურებმა WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შპიონაჟის
ბრალდებით დააკავონ. ამჟამად სიგი ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში
იმალება, რადგან შვედეთის მართლმსაჯულება გაუპატიურების ბრალდებით ეძებს.
მასზე ძებნაა გამოცხადებული ავსტრალიაშიც, საიდანაც არის წარმოშობით ჯულიან
ასანჟი.
P.P.S. რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვი, რომ
შესაძლოა,WikiLeaks-ის საიტზე დადებული დოკუმენტების ნაწილი ყალბი იყოს, ან
ის სპეციალურად "შეაცურა" ამა თუ იმ დაინტერესებული ქვეყნის
სპეცსამსახურმა...