ვარსარდლის შეფასებები
პრეზიდენტი კმაყოფილია რეფორმებით თავდაცვის სფეროში, თუმცა ამის
დადასტურება ან უარყოფა გაძნელებულია, რადგან თავდაცვის უწყება ჩაკეტილია
არასახელმწიფო მასმედიისთვის.
სამინისტროების ჩამოვლის პროცესში
ქვეყნის პრეზიდენტი 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროს ეწვია. ქართულმა
ტელევიზიებმა სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თავდაცვისა და
გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერის მხოლოდ
ნაწილი აჩვენეს. ასე რომ, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა თავდაცვის
მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოხსენებები.
პრეზიდენტი
სააკაშვილი კმაყოფილია თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მიერ სტრუქტურაში
გატარებული რეფორმებით და დაუმატა, რომ თავდაცვის მინისტრი და გენერალური
შტაბის უფროსი კამერების გარეშე, ჩუმად აკეთებენ თავიანთ საქმეს. რა სჯობს,
თუკი ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ არმიის სატელევიზიო
გაპიარება, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ (ძალიან ხშირად
არაპროფესიონალურად) ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელეარხები, მართლაც
დამღუპველი იყო მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის.
თუმცა
თავდაცვის უწყება არასახელმწიფო მასმედიისთვის, ფაქტობრივად, ჩაკეტილია და
სამხედრო ნაწილებში ისევ ძირითადად მხოლოდ ხელისუფლებასთან ლოიალურად
დამოკიდებული საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს უშვებენ, ამიტომაც
ძალიან ძნელია დაეთანხმო ან უარყო ქვეყნის პირველი პირის დადებითი
შეფასება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან (რომელიც უფრო საკადრო
ცვლილებებს წარმოადგენს) დაკავშირებით, თუკი არ დაგათვალიერებინებენ
სამხედრო ნაწილებს და არ დაგასწრებენ წვრთნებს.
შეხვედრაზე
პრეზიდენტი შეეხო რეზერვისტთა სისტემის მნიშვნელობას და დააკონკრეტა, რომ
ყველა სოფელს უნდა შეეძლოს საკუთარი მიწის დაცვა, რისთვისაც საჭიროა,
დასახლებულ პუნქტებში იყოს მცირე რაოდენობის იარაღით აღჭურვილი
პატარ-პატარა მომზადებული ჯგუფები.
პრეზიდენტი რაზეც საუბრობდა,
იმას ტოტალური თავდაცვა ჰქვია ან გასაგებ ენაზე - პარტიზანული ომი, მაგრამ
პარტიზანული მოძრაობა უცბად არ იწყება, ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედებების
დაწყებამდე საჭიროა იარაღის, ტყვია-წამლის, ასაფეთქებელი მასალებისა და
სურსათ-სანოვაგის მიწისქვეშა, კარგად შენიღბული საცავების შექმნა და
ადგილობრივი მოსახლეობისაგან ბევრი მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფის
ჩამოყალიბება, მომზადება და, რაც მთავარია, მათ შორის საიდუმლო კავშირის
დამყარება.
ყოველივე ეს უდიდეს ორგანიზაციულ და ფინანსურ
დანახარჯებსა და დროს მოითხოვს. ამიტომაც საეჭვოა, პრეზიდენტის ეს
წამოწყება წარმატებით განხორციელდეს. მით უმეტეს, რომ ექვსი წლის
განმავლობაში საშველი არ დაადგა ეფექტიანად მოქმედ სარეზერვო სისტემის
ჩამოყალიბებას, არადა, ამ საქმეზე 30 მლნ ლარზე მეტიც დაიხარჯა...
პრეზიდენტი
უკმაყოფილოა თავდაცვის ეროვნული აკადემიის საქმიანობით და სწავლის
სისტემის შეცვლა მოითხოვა. მან ასევე თქვა, რომ შეცდომა იყო კადეტთა
კორპუსის გაუქმება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რქებით გაიტანაო...
პრეზიდენტმა
სააკაშვილმა აღარ დააკონკრეტა, რომ "რქებით გამტანი" ყოფილი თავდაცვის
მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია. არადა, სწორედ "კვირის პალიტრის" ფურცლებზე
2005 წელს დიდი გულისტკივილით ვწერდით, რომ კადეტთა კორპუსის გაუქმება,
ისევე როგორც თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სწავლების პროცესის 4 წლიდან 8
თვემდე შემცირება უდიდესი დანაშაული იყო, რაც დამღუპველად იმოქმედებდა
ქართული არმიის პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმზე. მაგრამ მაშინ, 2005
წელს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თაოსნობით ქვეყნის უმაღლესმა
მთავარსარდალმა თითქმის ქვეყნის მოღალატეებად და მარკოზაშვილებად
მოგვიხსენია...
თუ ვინ იყო მართალი, ორი კვირის წინ გამოჩნდა,
როდესაც აღდგენილ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 300 ადგილზე განაცხადი 1574-მა
მოსწავლემ შეიტანა. 2005-დან 2010 წლამდე ქართულმა არმიამ ათასობით ის
ყმაწვილი დაკარგა, რომლებსაც სურდათ სკოლის მერხიდან დაუფლებოდნენ
სამშობლოს დამცველის რთულ, საშიშ, მაგრამ საპატიო პროფესიას.
პრეზიდენტი
მართალი იყო, როდესაც შეხვედრაზე მოითხოვა, ძირითადი ყურადღება კადრების
პროფესიონალურ დონეზე მომზადებას უნდა დაეთმოს და არა შეიარაღების
შესყიდვასო. აგვისტოს ომის წინ, შეიარაღების სახეობებსა და რაოდენობას
ნამდვილად არ ვუჩიოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულმა არმიამ თავისი
შეიარაღების, მაგალითად, მოიერიშე "მიმინოების", საზენიტო "სპაიდერებისა"
და "ბუკების" თუ ებრაელების მიერ მოდერნიზებული ტანკების ტექნიკური და
ტაქტიკური შესაძლებლობების უდიდესი პოტენციალი ვერ გამოიყენა ნაკლებად
გაწვრთნილობისა თუ უცოდინარობის გამო.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა
დადებითად შეაფასა ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა და
არ გამორიცხა მომავალში მათი რიცხვის გაზრდაც. თქვა, ქართველი სამხედროები
ავღანეთში კარგ საბრძოლო სკოლას გადიანო.
ეს ის საკითხია, რომელშიც
ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ბოლომდე ვერ
დავეთანხმებით. ერთხელ, 2008 წლის აგვისტოში, უკვე წავიტეხეთ კისერი:
ცხინვალთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და ქართული არმიის ყველაზე
კარგად მომზადებული პირველი ქვეითი ბრიგადის ორი ათასი სამხედრო
საქართველოდან ათას კილომეტრში, ერაყში გვყავდა გაგზავნილი. ვინ იცის,
მაშინ პირველ შეტაკებებში პირველი ქვეითი ბრიგადა რომ წასულიყო და არა
მეოთხე (რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში იყო), იქნებ ნაკლები
მსხვერპლი გვქონოდა და არც მეორე ბრიგადის სენაკიდან მოხსნა და ცხინვალთან
გადმოსროლა დაგვჭირვებოდა, რამაც მოწინააღმდეგეს გალის რაიონიდან დასავლეთ
საქართველოსკენ გაუხსნა გზა.
ვერც იმაში დავეთანხმებით, რომ
ავღანეთის ოპერაციები ქართველი სამხედროებისთვის საუკეთესო საბრძოლო
სკოლაა. ავღანეთში ანტიპარტიზანული ბრძოლები მიმდინარეობს, გამოცდილების
შეძენაც ძალიან კარგია ჩვენი ბიჭებისთვის. მაგრამ ქართული მიწის დასაცავად
ძირითადად რუსულ ბომბდამშენებთან, მოიერიშეებთან, შვეულმფრენებთან,
ტანკებთან, ჯავშანმანქანებთან და არტილერიასთან ბრძოლა მოგვიწევს, რასაც
ავღანეთში ქართველ სამხედროებს არავინ ასწავლის.
თუკი ავღანეთში,
ღმერთმა არ ქნას და მართლაც გავზრდით ქართულ სამხედრო კონტინგენტს ბრიგადის
დონემდე (ანუ 925 კაციდან 2-3 ათასამდე) მათი სასწრაფოდ სამშობლოს
დასაცავად დაბრუნება 2 ათასი კმ-ის სიშორიდან თითქმის შეუძლებელი იქნება.
თავდაცვის
სფეროში გატარებული ცვლილებების, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანაში
მიმდინარე რეფორმების ყველაზე სასტიკი შემფასებელი შესაძლებელია ომი
გახდეს. ომი კი ყველანაირად თავიდან უნდა ავიცილოთ, თორემ თავდაცვის
სფეროში და მთლიანად ქვეყნის მართვაში, სამწუხაროდ, შეიძლება იმდენი
ხარვეზი გამოჩნდეს, რომ 2008 წლის აგვისტო მონაგონი იყოს...