ს C-300-ები ოკუპირებულ ცხინვალთან?
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა 2008
წლის აგვისტოს ომიდან ერთ თვეში რომ შეიტანა, ეტყობა, საქართველოს
ხელისუფლების წარმომადგენლები ორი წელი ბაიბურში არ იყვნენ, რადგან
ოფიციალურმა თბილისმა მაშინღა დაიწყო პროტესტის გამოხატვა, როდესაც ეს
ფაქტი თავად რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა დაადასტურა.
ამჯერად
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გაუსწროს მოვლენებს და რუსეთს ბრალს
სდებს, ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ანალოგიური C-300-ის სისტემა
შეიყვანაო. აფხაზეთის შემთხვევისგან განსხვავებით, მოსკოვი ამჯერად
კატეგორიულად უარყოფს, რომ C-300 ცხინვალთან გადაისროლა. ვის უნდა
დაუჯერო?
ერთი შეხედვით დაჯერება კრემლისა, რომელიც ბოლო ორი
ათეული წელია საქართველოს დამოუკიდებლობას ყველა ხერხით, მათ შორის
დეზინფორმაციებით, ებრძვის, ნამდვილად არ ღირს. თუმცა, მეორე მხრივ,
მოსკოვს რატომ უნდა გაუჭირდეს, აღიაროს ცხინვალთან რუსული C-300-ების
გამოჩენა, თუკი ეს აფხაზეთის შემთხვევაში უკვე დაადასტურა?! მით უმეტეს,
რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებს, ამის გამო
დასავლეთი აღშფოთდება თუ შეშფოთდება.
თავად ფაქტს, შეყვანილია თუ
არა C-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემა ცხინვალთან, ან მით უმეტეს,
ახალგორის რაიონში, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის,
განსაკუთრებით სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის ფრენების მარშრუტების
განსაზღვრისას. ალბათ, ოფიციალურმა თბილისმა წინასწარ დაიზღვია თავი,
როდესაც მოსკოვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში C-300-ის განთავსებაში
დასდო ბრალი, რადგან ამ სისტემის გადასროლას ჩრდილო კავკასიიდან
ცხინვალამდე მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება. აფხაზეთში C-300 სისტემის
კომპონენტები რკინიგზით ჩაიტანეს და გუდაუთის რკინიგზის სადგურში
ჩამოტვირთეს (აი, რატომაც უნდოდა რკინიგზის ხაზის აღდგენა მოსკოვს
აფხაზეთში, რისთვისაც იქ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე შეიყვანა
სარკინიგზო ჯარების დანაყოფი). ცხინვალამდე რუსეთიდან არც რკინიგზა
მიდის და არც აეროდრომია, სადაც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი
შეძლებდა დაშვებას. თეორიულად შესაძლებელია მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო
შვეულმფრენებით Ми-26Т-ებით C-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის ნაწილ-ნაწილ,
დაშლილი სახით გადასროლა ვლადიკავკაზიდან ჯავაში, მაგრამ ეს ბევრ ტექნიკურ
პრობლემასთანაა დაკავშირებული.
ამიტომაც ერთადერთი გზა, რომლითაც
რუსული C-300-ები შეიძლება ცხინვალთან მოხვდნენ, ისევ და ისევ როკის
გვირაბში გადის. როკის გვირაბის სიმაღლე 6 მ-ია, რაც სრულიად
საკმარისია, რომ მასში გაიაროს C-300ПС ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის
5П85СД ტიპის თვითმავალმა გასაშვებმა კომპლექსებმა, რომლის სიმაღლე
(დაშვებული სარაკეტო კონტეინერებით) მხოლოდ 3,8 მ-ია.
სანამ
საბოლოოდ გაირკვევა, მართლა შეიყვანეს თუ არა C-300-ის სისტემა რუსეთის
საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთის შემდეგ ცხინვალის რეგიონშიც (არადა, ამის
გარკვევა რთული არ არის, რადგან შეიძლება მომუშავე C-300-ის
რადიოლოკატორების მიერ გამოსხივებული რადიოტალღების პელენგირება),
მკითხველებს მოვახსენებთ, რომ ინტერნეტში მოძიებული ფოტოსურათებით უკვე
დადასტურებულია ცხინვალთან და ახალგორის რაიონში რუსული საზენიტო-სარაკეტო
კომპლექსების Бук-М1-ისა და Тунуска-ს არსებობა.