საზღვარგარეთთან სამხედრო თანამშრომლობას პარლამენტს აღარ დაეკითხებიან?!
მალე თავდაცვის სამინისტრო იარაღს უწყებების დონეზე დადებული
ხელშეკრულებით შეიძენს საზღვარგარეთ. რამდენად შესაძლებელი იქნება ამ
გარიგებების გაკონტროლება?
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
გამოვიდა ინიციატივით, ცვლილებები შესულიყო კანონში "საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ", რომელიც დღემდე სხვა ქვეყნებთან
სამხედრო ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ სახელმწიფოთა შორის
ითვალისწინებდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ირაკლი
გორდულაძე აცხადებს, რომ ეს გარემოება ხშირად ქმნიდა უხერხულობას, რადგან
რიგი ქვეყნები ანალოგიურ ხელშეკრულებებს მთავრობათა ან უწყებათა შორის
აფორმებენ. ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელიც შესაბამის საპარლამენტო
კომიტეტს უკვე გადაეცა განსახილველად, საქართველოს სხვა ქვეყნებთან
სამხედრო ხელშეკრულების დადება როგორც სახელმწიფოთა, ისე მთავრობათა ან
უწყებათა დონეზეც შეეძლება.
ერთი შეხედვით, ასეთი შესწორებები
შეამცირებს ბიუროკრატიულ პრობლემებს და კონკრეტულ ძალოვან უწყებას, იქნება
ეს თავდაცვის თუ შინაგან საქმეთა სამინისტროები, უფრო ოპერატიულად შეეძლება
ხელშეკრულების დადება უცხო ქვეყნის შესაბამის უწყებასთან.
ამ
კანონპროექტში შეიძლება წყალქვეშა და ჯერჯერობით უხილავი რიფები
იმალებოდეს. პირველ რიგში, ეს ეხება შესაძლო ფინანსურ მაქინაციებს, რაც,
სამწუხაროდ, მუდმივად ახლდა ამა თუ იმ შეიარაღების შეძენას საზღვარგარეთ.
როდესაც ასეთი ხელშეკრულება პარლამენტის გვერდის ავლით დაიდება, მეტი შანსი
ჩნდება ე.წ. "ატკატების", როდესაც საზღვარგარეთ საბრძოლო ტექნიკასა და
ტყვია-წამალს გაბერილი ფასებით შეიძენენ.
"ვარდების რევოლუციის"
შემდეგ, 2005 წელს სამხედრო-ტექნიკური კომისია თავდაცვის სამინისტროს
განკარგულებაში გადავიდა. მანამდე ის უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაში
იყო და მისი წევრები იხილავდნენ ძალოვანი სტრუქტურების წერილებს
საზღვარგარეთ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის შეძენის შესახებ.
ამ კომისიის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლისთანავე
დაიკარგა ის უმცირესი კონტროლიც კი, რომელიც უშიშროების საბჭოს შეეძლო
დაემყარებინა უწყებების მიერ საზღვარგარეთ შესაძენი სამხედრო საქონლის
ნუსხაზე;
უარყოფითმა შედეგმაც არ დააყოვნა და თავდაცვის
სამინისტროს საწყობები გაივსო საზღვარგარეთ ნაყიდი ტყვია-წამლის პარტიებით,
რომლებსაც შენახვის ყველანაირი ვადა ჰქონდათ გასული (გაიხსენეთ
"კალაშნიკოვისთვის" გათვლილი 7,62 მმ კალიბრის ვაზნების დიდი პარტია,
რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში იყიდა თავდაცვის სამინისტრომ და სასროლად
უვარგისი აღმოჩნდა).
უწყებრივი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე,
რომელიც გამაგრებული იქნება არაკანონიერი ფინანსური მოგების მიღების
სურვილით, უწყებების დონეზე დადებულმა სამხედრო ხელშეკრულებებმა შეიძლება
მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო
მზადყოფნას.