რა კავშირშია საქართველო სევასტოპოლში ჩაძირულ სარაკეტო კატარღასთან?
ჯერ უკრაინულ და რუსულ, მოგვიანებით კი ქართულ მედიაში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ სევასტოპოლის სტრელეცკის ყურეში ჩაძირული სარაკეტო კატარღა
"უმანი" თურმე საქართველოს ოთხი წლის წინ შეუძენია.
ინფორმაცია
მართლაც სენსაციურია! თუკი ეს სიმართლეა, გამოდის, რომ 2006-2007 წლებში
ჯერ კიდევ მოქმედ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს სარაკეტო კატარღა
"თბილისის" გარდა, შეეძლო ჰყოლოდა მეორე ასეთივე კატარღა "უმანიც".
206MP
პროექტის სარაკეტო კატარღა P-260 საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის
სარაკეტო კატარღების 41-ე ბრიგადის 296-ე დივიზიონის შემადგენლობაში
შედიოდა. საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1995 წელს შავი ზღვის ფლოტის
რუსეთსა და უკრაინას შორის გაყოფის შემდეგ სარაკეტო კატარღა P-260 უკრაინას
გადაეცა, სადაც მას ქალაქ უმანის პატივსაცემად Умань-ი დაარქვეს და ბორტის
ნომერი - U152 მიანიჭეს.
უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით,
საბჭოთა შავი ზღვის ფლოტიდან ბევრი სხვა სამხედრო ხომალდი და კატარღა, მათ
შორის - 206MP პროექტის სარაკეტო კატარღა P-15, რომელიც შავი ზღვის ფლოტის
შეიარაღებაში 1981 წლის 29 ნოემბრიდან იყო, და ერთი დიზელისძრავიანი
წყალქვეშა ნავიც ერგო. 1997 წლის 12 აგვისტოს ეს კატარღა უკრაინის
სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში გადავიდა, ქალაქ კონოტოპის
პატივსაცემად Умань-ი დაერქვა და საბორტე ნომერი უ 150 მიენიჭა.
1999
წლის 30 ივნისს უკრაინამ "კონოტოპი" საქართველოს მიჰყიდა. ქართულ
სამხედრო-საზღვაო ძალებში მას "თბილისი" ეწოდა, საბორტო ნომერი 302 მიენიჭა
და სამხედრო ფლოტის ფლაგმანად იქცა.
2008 წლის 13 აგვისტოს ფოთში
შესულმა რუსულმა სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფმა "თბილისი", რამდენიმე სხვა
ქართულ კატარღასთან ერთად, ფოთის სამხედრო პორტის ნავმისადგომთან დაწვა და
ჩაძირა. არ არის გამორიცხული, უკრაინაში, უმანის საქალაქო საბჭოში ცდებიან,
როდესაც აცხადებენ, რომ სარაკეტო კატარღა Умань-ი ოთხი წლის წინ
საქართველომ შეიძინა (შეიძლება ის Конотоп-ში ეშლებათ), მაგრამ თუკი მათი
მტკიცება სიმართლეს შეეფერება, შეიძლება საქმე დიდ ფინანსურ მაქინაციასთან
გვქონდეს. ვინ გამორიცხავს, რომ აგვისტოს ომამდე რომელიმე ჩვენმა თავდაცვის
მინისტრმა მართლაც გააფორმა ხელშეკრულება თითქმის მთლიანად დაჟანგული
Умань-ის შეძენის შესახებ?