მთავარი » სტატიები » Мои статьи

პრეზიდენტი ჰაერში...
პრეზიდენტი ჰაერში... ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა გასულ კვირას ექსკლუზიური ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მართავს ერთძრავიან თვითმფრინავს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საერთოდ, ამ 100 წლის განმავლობაში, რაც ადამიანმა საფრენი აპარატი გამოიგონა, მფრინავის პროფესიას დაუფლებული არაერთი პრეზიდენტის სახელი ვიცით, მაგრამ უფრო ხშირად ისინი ჯერ მფრინავები იყვნენ, გმირულად იბრძოდნენ და მერე ირჩევდა ხალხი პრეზიდენტად.

საქართველოში კი პირიქითაა. 2004 წლიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ინაუგურაცია შედგა, მან ჰაერში არაერთი საფრენი აპარატის მართვა სინჯა.
სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის Ми-8-ის საჭესთან ის არაერთხელ მჯდარა ისევე, როგორც ფრანგულ "ევროკოპტერზე", რომელიც ჯერ კიდევ მისი წინამორბედისთვის - ექსპრეზიდენტ შევარდნაძისთვის შეისყიდეს.
ალბათ პრეზიდენტი სააკაშვილი, როდესაც უცხოეთში კანადური წარმოების სამგზავრო "ჩელენჯერით" მიფრინავს, გულგრილი არც "ბორტი #01"-ის კაბინისადმი იქნება.

მეტიც, ჯერ კიდევ თავისი საპრეზიდენტო სიყმაწვილის პირველ თვეებში ქვეყნის პირველმა პირმა სამხედრო საფრენი აპარატებით გასეირნებაზეც არ თქვა უარი. ჯერ ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო  Су-25УБ ტიპის მოიერიშით თბილისის გარშემო იფრინა, მერე კი დამრტყმელი შვეულმფრენის Ми-24-ის წინა კაბინაში, მფრინავ-ოპერატორის ადგილზე მოკალათდა და ასე დაეშვა ფოთის პორტის სიახლოვეს. როგორც ჩანს, ჩვენს პრეზიდენტს ჰაერში ყოფნა ძალიან უყვარს და ამიტომაც ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, საფრენი აპარატის მართვის პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა. ბათუმის აეროპორტიდან აფრენილ ერთძრავიან ხუთადგილიან "სესნას" პრეზიდენტი სააკაშვილი მართავდა აფრენიდან დაფრენამდე. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდათ მაყურებელზე იმ ტელევიზიის მესვეურთ, რომლებიც ვიდეოკადრებს იღებდნენ და მასალას ამონტაჟებდნენ. თვითმფრინავზე ორი ვიდეოკამერა მუშაობდა, ერთით ვიდეოოპერატორი იღებდა, მეორე კი უძრავად იყო დაყენებული "სესნას" სალონის მარჯვენა წინა კარის შიგნით. ორივე ვიდეოკამერაში მხოლოდ პრეზიდენტი მოჩანს, რომელიც ღიმილ-ღიმილით და ხუმრობა-ხუმრობით კაი გამოცდილი პილოტივით მართავს "სესნას".

თუმცა, საბედნიეროდ (როგორც ბათუმელებისთვის, ისე თავად პრეზიდენტისთვის), "სესნაზე" მფრინავ-ინსტრუქტორი იმყოფებოდა, რომელიც წინა მარჯვენა სკამზე იჯდა, მას ვიდეოკამერის ობიექტივებს სპეციალურად არიდებდნენ...
საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი ვიდეოპიარით საქართველოს პრეზიდენტი ძალაუნებურად ჰბაძავს რუსეთის ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ პუტინს, რომელიც ჩეჩნეთში ორადგილიანი Су-27УБ გამანადგურებლით ჩაფრინდა. შემდეგ ასევე ორადგილიანი Су-25УБ-ით იფრინა, სტრატეგიული ბომბდამშენის Ту-160-ის მეთაურის სავარძელში იჯდა, როდესაც ბომბდამშენმა ფრთოსანი რაკეტა გაუშვა და ბოლოს, სახანძრო Бу-200-ის მეთაურის სკამზე მჯდომი ხანძარს აქრობდა რუსეთის ტყეებში.

პატარა საქართველოს მაღალი პრეზიდენტის განკარგულებაში სტრატეგიული ბომბდამშენი ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, მოიძებნება უფრო მოკრძალებული საფრენი აპარატები, რომელთა მართვითაც (მფრინავ-ინსტრუქტორის გვერდით) ქვეყნის პირველმა პირმა შეიძლება ბავშვობის ოცნება (ვინ არ ვოცნებობდით ბავშვობაში მფრინავობაზე) აიხდინოს.
ისე კი, ერთძრავიანი საფრენი აპარატებით (იქნება ეს სამგზავრო "სესნა" თუ სამხედრო "იროკეზი") ქალაქების თავზე ფრენა და თანაც ძალიან დაბალ სიმაღლეზე, დაუშვებელია, რადგან ძრავის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში საფრენ აპარატს არ რჩება მეორე ძრავა, რომლითაც უხიფათოდ დაეშვება.
და ერთიც - იმ ამერიკული წარმოების "სესნასთან", რომელსაც ზოგიერთი ტელევიზიის მტკიცებით, პრეზიდენტი სააკაშვილი მარტო მართავდა, ორი საინტერესო და ისტორიული მომენტია დაკავშირებული.

1987 წლის 28 მაისს, როდესაც კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში, საბჭოთა სასაზღვრო ჯარების ეფრეიტორი მიხეილ სააკაშვილი მესაზღვრის დღეს აღნიშნავდა, ერთმა გერმანელმა ახალგაზრდამ, გვარად რუსტმა, თითქმის ასეთივე "სესნა" მოსკოვში, წითელ მოედანზე ცხვირწინ დაუსვა საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს.
ორი წლის შემდეგ, 1989 წლის 9 ივნისს, ბათუმის აეროპორტში მოულოდნელად დაჯდა თურქეთიდან შემოფრენილი "სესნა". სანამ აეროპორტის დაცვა გონს მოეგებოდა, "სესნა" უკან, თურქეთისკენ გაფრინდა, ასაფრენ ზოლზე მისმა პილოტმა, ასევე გერმანელმა შნაიდერმა ყვავილების დიდი თაიგული და მეგობრული წერილი დაუტოვა საბჭოთა კავშირის პირველ პირს - გორბაჩოვს...
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 936 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz