ომის ვეტერანების მიერ მოყვანილ ხელისუფლებას ამნეზია დაეწყო
ლისუფლებას ამნეზია დაეწყო
უსახსრობის გამო მოშიმშილე ვეტერანებს სახელმწიფო 400 ლარით
აჯარიმებს(?!)
ახალი 2011 წელი იმით დაიწყო, რომ
ხელისუფლების ბრძანებით ფორმიანმა და უფორმო პოლიციელებმა გმირთა მოედანზე
მოშიმშილე ომის ვეტერანების ჯგუფი ძალით დაშალეს და რამდენიმე მათგანი
დააპატიმრეს. დაპატიმრებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და
წვრილმანი ხულიგნობა დასდეს ბრალად და 400-ლარიანი ჯარიმის საფასურად
გაათავისუფლეს.
გამოდის, რომ ომებში დაღუპული ბიჭების მემორიალთან
მოშიმშილე მატერიალურად შეჭირვებული, სახელმწიფოსაგან ყურადღების მთხოვნელი
ომის ვეტერანები იმავე სახელმწიფომ 400-400 ლარით დააჯარიმა! არადა,
მოშიმშილეებს კანონი არ დაურღვევიათ - მათ არც გზა გადაუკეტავთ და არც 20
მეტრით მიახლოებიან რაიმე სტრატეგიულ ობიექტს, ამიტომაც არ არსებობდა
კანონიერი საფუძველი იმისა, რომ პოლიციას მათი შიმშილობის შეწყვეტა
მოეთხოვა და მით უმეტეს, ძალა გამოეყენებინა.
საზოგადოება თითქოს
გულგრილია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, თუმცა ომის
ვეტერანების მშვიდობიანი აქციის ძალით დაშლამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის
სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია.
ერთი რამ არის გასაკვირი -
"ვარდების რევოლუციით" ქვეყნის სათავეში მოსულ ხელისუფლებას სწორედ ომის
ვეტერანები ეფარებოდნენ, რათა მათთვის ბოლნისში ნასროლი ქვები თუ ზუგდიდში
ავტომატის ჯერი აერიდებინათ.
ის პოლიტიკოსები, რომლებიც
ვეტერანებს გმირთა მოედანზე მემორიალის წაბილწვას აბრალებენ(?!), ნუთუ არ
დაფიქრებულან იმაზე, აქამდე რატომ იყვნენ ჩუმად ვეტერანები?
2004
წლიდან თავდაცვის სამინისტროსა თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან ერთმანეთის
მიყოლებით ათავისუფლებდნენ 1992-1993 წლების ომების მონაწილეებს და მათ
ადგილზე გამოუცდელ ახალგაზრდებს ნიშნავდნენ (ერთადერთი გამონაკლისი, თუ არ
ვცდებით, შინაგანი ჯარების სარდალი გოგი თათუხაშვილი იყო; მან სამსახურში
მიიღო და არასაბრძოლო თანამდებობებზე დანიშნა ომის ვეტერანი-ინვალიდები,
თუმცა შინაგანი ჯარი 2004 წლის ბოლოს გაუქმდა).
ასეთი საკადრო
პოლიტიკის უარყოფითმა შედეგებმა ჯერ ცხინვალთან 2004 წლის საბრძოლო
მოქმედებების დროს იჩინა თავი, შემდეგ კი, 2008 წლის აგვისტოში, სამხედრო
კრახამდე მიგვიყვანა.
ჩვენთვის გასაგებია, რამ გამოიწვია
მშვიდობიანი აქციის დაშლა: პირველი - ხელისუფლება ვერ შეეგუა, რომ "ოცნების
ქალაქად" გაპიარებულ საახალწლოდ გაჩირაღდნებულ თბილისში ვინმეს
დემონსტრაციულად ეშიმშილა; მეორე და ალბათ მთავარი მიზეზი - მოშიმშილე
ომის ვეტერანებთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მოუხშირეს
სიარულს, რამაც ხელისუფლებას სიმშვიდე დაუკარგა. თუმცა, ისიც უნდა
გავიხსენოთ, რომ ვეტერანები შიმშილობის მშვიდობიანი აქციის შეწყვეტას შობის
წინ ისედაც აპირებდნენ.