ბრიტანულმა გაზეთმა
"გარდიანი" "მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. 2010 წლის მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში
საქართველო ბოლო ათეულში მოხვდა და გლობალური მშვიდობის რეიტინგში 149
ქვეყანას შორის საქართველო 142-ე ადგილზეა. საქართველოს ინდექსი 2.970
მაჩვენებლით განისაზღვრა.
ეს მაჩვენებელი 2009 წელთან შედარებით 8 ადგილით გაუარესდა.
2009 წელს საქართველო მშვიდობის მხრივ 134-ე ადგილზე იმყოფებოდა.
როგორც "მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტი" განმარტავს, საქართველოში
მშვიდობიანი გარემოს ჩამოყალიბებას ხელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული
ჯარის ყოფნა უშლის.
მათი განმარტებით, ეს ხელს უწყობს ქვეყნის მუდმივ დაძაბულობაში ყოფნას.
ქვეყანაში მშვიდობის ჩამოყალიბებას, როგორც "მშვიდობისა და ეკონომიკის
ინსტიტუტი" განმარტავს, ხელს არასტაბილური პოლიტიკური გარემო და აქციების
ძალადობრივად დაშლა უშლის ხელს.
საქართველო ერთი ადგილით უსწრებს რუსეთს. რუსეთი 143-ე ადგილზე იმყოფება და
მისი მშვიდობის ინდექსი 3.013-ით განისაზღვრა. ჩვენი მეზობელი სომხეთი
113- ადგილზეა მშვიდობიანი ქვეყნების რეიტინგში, აზერბაიჯანი 119-ზე, ხოლო
თურქეთი 126-ე ადგილზე.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებად ლიტვა
(42-ე), ესტონეთი (46-ე) და ლატვია (54-ე) დასახელდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატები "მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტის" მიერ
ჩატარებულ კვლევაში 85-ე ადგილზე იმყოფება.
აღნიშნული ინსტიტუტი ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად ახალ ზელანდიას ასახელებს.
ათეულში არიან ისლანდია, იაპონია, ავსტრია, ნორვეგია, ირლანდია,
ლუქსემბურგი, დანია, შვედეთი და ფინეთი.
ბოლო ათეულში კი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩადი, საქართველო,
რუსეთი, ისრაელი, პაკისტანი, სუდანი, ავღანეთი, სომალი და ერაყი არიან.
კვლევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩატარდა: ქვეყნის მიერ
გაღებული სამხედრო ხარჯები; მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა; ადამიანებთა
უფლებების დაცვა; ბიზნეს გარემო; ინფორმაციის თავისუფლება; განათლების დონე
და კორუფციის დაბალი დონე.