ებრაული "მერკავები" ქართულ არმიაში ორი წლის წინ შეიძლებოდა გამოჩენილიყო...
დღეს თითქმის წარმოუდგენელი ჩანს ისრაელის მიერ საქართველოსთვის
"მერკავების" მიყიდვა, თუმცა აგვისტოს ომის წინ ქართველი ტანკისტები მათ
დეტალურად ეცნობოდნენ
საერთაშორისო მასშტაბის
დეზინფორმაციის აგორებას, როგორც ჩანს, ბევრი არაფერი სჭირდება, უბრალოდ,
ინტერნეტში განათავსე სენსაციური ინფორმაცია და შემდეგ სხვებმა იტეხონ
თავი.
გასულ კვირას სწორედ ასეთი დეზინფორმაცია გაჩნდა, სწრაფად
გავრცელდა და სწრაფადვე ჩაიფუშა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსულმა
ინტერნეტსაიტმა militaryparitet. com-მა ასევე რუსულ ინტერნეტპორტალ
ეკონბეზ.რუ-ზე (რომელიც ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს აშუქებს) 8
ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურმე ისრაელი
საქართველოსთვის ულტრათანამედროვე "მერკავა 4" ტიპის ტანკების მიყიდვას
აპირებს.
ეს ინფორმაცია თავიდან ნაკლებად სარწმუნო ჩანდა, რადგან
ისრაელს არასოდეს გაუყიდია საზღვარგარეთ "მერკავას" უფრო მოძველებული
მოდელებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ "მერკავა 4"-ზე. მაგრამ რამდენიმე დღით
ადრე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ პირველად მიიღო
გადაწყვეტილება, "მერკავები" მიჰყიდოს მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს, რა
თქმა უნდა, აშშ-ის ადმინისტრაციის თანხმობით, რადგან "მერკავებში"
თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიები უხვად არის გამოყენებული.
ჩანს,
რუსულმა ინტერნეტსაიტებმა თავისებურად გაიგეს - ისრაელის მეგობარი
ქვეყნები - მათ რიცხვს საქართველოც მიაკუთვნეს და ეს დეზინფორმაციაც
გამოაცხვეს. თუმცა, ჩვენი აზრით, აქ რუსული სპეცსამსახურების ხელიც ურევია,
რაც ინფორმაციულ ომს ჰგავს. რატომ არის დღეს თითქმის გამორიცხული, რომ
ისრაელმა საქართველოს "მერკავები" მიჰყიდოს?
პირველ რიგში,
პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე. აგვისტოს ომამდე ისრაელი-საქართველოს
სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიური იყო - ებრაელებმა
რამდენიმე ათეული ქართული ტანკი Т-72 Sim1-ის დონემდე გააუმჯობესეს;
RM-70-ზე ებრაული ცეცხლის მართვის სისტემები დააყენეს; მოიერიშე Су-25-ების
ნაწილი თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით აღიჭურვა და "მიმინოებად"
მოინათლა! ისრაელიდან ჩამოტანილი კამუფლირებული ბადეები კარგად ნიღბავდა
ქართული არტილერიის საცეცხლე პოზიციებს; ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა
სისტემებმა Lar-160-ებმა და Grad-Lar-ებმა აგვისტოს ომში შეუსვენებლად
"იმუშავეს" და, რაც მთავარია, ებრაული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი
Spyder-ი რუსული პილოტებისთვის მოულოდნელ საშინელ აღმოჩენად იქცა...
2008
წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისრაელისა და საქართველოს თანამშრომლობა
სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში ერთბაშად ჩაკვდა, რასაც წმინდა პოლიტიკური
მიზეზი ჰქონდა, ეს იყო რუსეთის ფაქტორი.
თელ-ავივს არ სურდა
მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანება, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს ირანისთვის
С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები არ მიეყიდა. სამაგიეროდ,
ებრაელები უარს აცხადებდნენ, საქართველოსთან გაეგრძელებინათ
სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა და პირველ რიგში, მიეყიდათ საზენიტო
შპყდერ-ები.
საბოლოოდ ასეც მოხდა - მოსკოვმა აშშ-ისა და ისრაელის
ინტერესების გათვალისწინებით შეაჩერა ირანისთვის С-300-ების მიწოდება,
სამაგიეროდ, თელ-ავივმა დაბლოკა Spyder-ებისა და მისი საზენიტო რაკეტების
მიყიდვა საქართველოსთვის.
გარდა პოლიტიკურისა, არსებობს წმინდა
ეკონომიური ინტერესებიც. ისრაელმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთს 100
მლნ დოლარზე მეტი ღირებულების სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები
მიჰყიდა; ეს თანამშრომლობა დღითი დღე იზრდება და, რა თქმა უნდა,
საქართველოს გამო ისრაელის საიარაღო ფირმები მზარდ რუსულ ბაზარს არ
დაკარგავენ!
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რუსეთის პრეზიდენტის
სპეციალური ბრძანებულების თანახმად, იმ უცხოური ფირმების მიმართ, ვინც
საქართველოს შემტევი სახის სამხედრო დანიშნულების საქონელს მიჰყიდის,
რუსეთის ფედერაცია ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს და რუსულ სახელმწიფო
სტრუქტურებსა და კერძო ფირმებს მათთან თანამშრომლობას აუკრძალავს.
საზენიტო-სარაკეტო
Spyder-ი არ ითვლება შეტევით შეიარაღებად, მაგრამ მიუხედავად ამისა,
ისრაელმა მისი მოწოდებაც შეგვიწყვიტა და რასაკვირველია, მით უფრო არ
მოგვყიდის "მერკავებს", რომლებიც სწორედ შეტევასა და აგრესიასთან
ასოცირდება.
აქ ერთ საიდუმლოს გავუმხელთ ჩვენს მკითხველს, რადგან
საკმაო დრომ გაიარა: 2008 წლის აგვისტოს ომის წინა დღეებში ისრაელში
მართლაც იმყოფებოდა რამდენიმე გამოცდილი ქართველი ტანკისტი, რომლებიც
ადგილობრივ ქარხანაში დეტალურად ეცნობოდნენ "მერკავას" აწყობის პროცესს და
საველე პირობებში "მერკავების" საბრძოლო გამოყენების ტაქტიკის დახვეწასაც
აპირებდნენ.
ომის დაწყებისთანავე ქართველმა ტანკისტებმა საკუთარი
სურვილით შეწყვიტეს სამსახურებრივი მივლინება ისრაელში, თურქეთის გავლით
სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდნენ და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის
მიღება და დაჭრაც მოასწრეს.
როგორც ჩანს, 2008 წელს საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც სერიოზული
კავშირები ჰქონდა ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან, მართლაც
დაადგა თვალი "მერკავებს" და ისრაელში ქართველი სპეციალისტები მათ
შესასწავლად გაგზავნა. მაგრამ რამდენად სჭირდება დღევანდელ ქართულ
არმიას "მერკავის" ტიპის ებრაული საბრძოლო ტანკები?
აგვისტოს
ომამდე, როდესაც ოფიციალური თბილისის რიტორიკა მაქსიმალურად მილიტარიზებული
იყო, პოლიტიკური (და არა სამხედრო) თვალსაზრისით კიდევ შეიძლებოდა
"მერკავების" შესყიდვის გამართლება, მაგრამ დღეს თელ-ავივი კიდეც რომ
დაგვთანხმდეს, ეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
ამ
ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანაა, რუსული
სამხედრო აგრესიის შესაძლო განახლების შემთხვევაში გარკვეული დროით (სანამ
დასავლეთი სიტყვიერი აღშფოთებიდან და შეშფოთებიდან უფრო აქტიურ პოლიტიკურ
მოქმედებაზე გადავა, რასაც კვირაზე მეტი მაინც დასჭირდება) მაინც შეაჩეროს
რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკის სვლა თბილისისაკენ და რუსული საჰაერო
შეტევების მოგერიება.
ასეთ დროს "მერკავები" ნაკლებად დაგვეხმარება,
რადგან ჰაერში გაბატონებული რუსული ავიაციისთვის დიდი ზომის გამო ისინი
საუკეთესო სამიზნე იქნება. "მერკავების" დინასტია და მით უმეტეს,
"მერკავა 4" მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ძირითად საბრძოლო ტანკად ითვლება.
იგი გამოირჩევა საუკეთესო ჯავშანდაცვით. უშუალოდ შუბლა შეტევების
შემთხვევაში მისი უპირატესობა რუსულ T-72-თან შედარებით იზრდება, რადგან
"მერკავას" შუბლა ჯავშანი ძალიან დახრილია და მასზე მოწინააღმდეგის
ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვების რიკოშეტის ალბათობა იზრდება.
ეკიპაჟის
დაცულობას ასევე ზრდის ტანკის წინა მარჯვენა კუთხეში განთავსებული დიზელის
ძრავა. ძრავას წინ გადატანის გამო ტანკის უკანა ნაწილში გათავისუფლებული
ადგილი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც დამატებითი ჭურვების შესანახად,
ისე დაჭრილების განსათავსებლად, მაგრამ, რაც მთავარია, დაზიანებული ტანკი
ეკიპაჟმა სწორედ ამ უკანა კარით შეიძლება ბევრად უფრო უხიფათოდ დატოვოს,
ვიდრე კოშკურიდან ამოსვლის შემთხვევაში.
ამ და სხვა
ტაქტიკურ-ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად (რომელთა ჩამოთვლა შორს
წაგვიყვანს), ქართული არმიის შეიარაღებაში "მერკავების" არსებობის
შემთხვევაში აუცილებელი გახდება ამ ტანკისთვის საჭირო NATO-ს სტანდარტის
120 მმ-იანი ჭურვების, 12,7 მმ და 7,62 მმ კალიბრის ვაზნების მარაგის
შეძენაც.
ქართული არმიის 41-ტონიანი T-72-ისგან განსხვავებით,
"მერკავა 4" 65 ტონამდე იწონის, რაც შეუძლებელს გახდის ამ მძიმე ტანკის
გამოყენებას ზოგიერთ ჩვენს ხიდზე, ისევე როგორც მათ გადასვლას 50 ტონა
ტვირთამწეობის МТУ-20 ტიპის ხიდგამშლელზე. ამასთან, დღემდე ქართული
ტანკების გადასაყვანად განკუთვნილი მისაბმელიანი საწევარი МАЗ-537
განკუთვნილია 50-ტონიანი მონოტვირთის გადასატანად და 65-ტონიანი
"მერკავებისთვის" ახალი გამწეების შეძენა გახდება საჭირო.
ისე კი,
რა მნიშვნელობა აქვს, ქალაქში ბრძოლებისას ქვეითების დაცვის გარეშე,
Т-72-ებს მიატოვებ (როგორც ეს ცხინვალში მოხდა) თუ "მერკავებს," რადგან
უპატრონოდ დარჩენილი ნებისმიერი ტანკის აფეთქება შეიძლება ზემოდან ან
გვერდიდან...