პატარა მსხვერპლნი...
უბლოკავენ თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ამერიკულ
სამხედრო ფირმებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას?
დასავლურ
მასმედიაში გამოქვეყნდა არაერთი საინტერესო სტატია, რომლებშიც განხილულია
საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ის საკითხიც, თუ
როგორ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება ოფიციალური თბილისისადმი 2008
წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
Eurasinet .org-ზე გამოქვეყნებულ ჯოშუა
კუცერის სტატიაში მოყვანილია საინტერესო ფაქტები, კერძოდ, თუ როგორ
ცდილობდა ოფიციალური თბილისი ამერიკული ფირმებისგან შეიარაღების ამა თუ იმ
სახეობის პარტიის ყიდვას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ლაპარაკია ამერიკულ
ფირმა Arms Tech-ზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების შეკვეთით ის-ის
იყო, უნდა დაეწყო მიმართული მოქმედების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების
ჩლაყმორე-ების პარტიის დამზადება, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტიდან კონტრაქტის შეჩერების რეკომენდაცია მიიღო იმ მოტივით, რომ
კონტრაქტის შუამავალს ბრალი წაუყენეს. როდესაც ფირმამ საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებთან უშუამავლოდ დაკავშირება სცადა,
კონტრაქტი სულ გააუქმეს.
ოფიციალურ თბილისს დადებული ჰქონდა ასევე
კონტრაქტები ამერიკული ავტომატური კარაბინ M4-ების მწარმოებელ ცნობილ
საიარაღო ფირმა ჩოლტ Defense-სთან, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა
არაფერი.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი არც მალავს, რომ
ვაშინგტონი საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას
ფრთხილობს, თუმც პენტაგონი დაინტერესებულია, ქართული არმია ისეთი
აღჭურვილობით უზრუნველყოს, რომ ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა ავღანეთში
ამერიკელების დახმარება შეძლოს.
რა გამოდის? ავღანეთში ამერიკელების
დასახმარებლად ქართულ დანაყოფებს კარგ აღჭურვილობას მივაწოდებთ, მაგრამ
თუკი საქმე თავად საქართველოს უსაფრთხოებაზე მიდგა, მაშინ ფრთხილად
ვიქნებითო?
აგვისტოს ომი უკვე ჩავლილია და ვიცით, რით შეიძლება
მოწინააღმდეგემ შემოგვიტიოს. ამ შემოტევას ვერც M4-ებით მოვიგერიებთ და
ვერც "ჰამერებით", ამისთვის უფრო მძლავრი შეიარაღების საშუალებებია საჭირო,
მათ შორის - ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინები" და ჰაერსაწინააღმდეგო
"სტინგერები".
მაგრამ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი
აშშ, რომლის ინტერესების დასაცავად ქართველი სამხედროები სისხლს ღვრიდნენ
ჯერ ერაყში, ახლა კი ავღანეთში, ერიდება მოსკოვთან დაპირისპირებას, რადგან
მისმა გამოგზავნილმა "სტინგერმა" ხვალ შეიძლება თბილისის საჰაერო სივრცეში
შემოსული რუსული მოიერიშე ჩამოაგდოს.
არც ის არის გამორიცხული,
აშშ-ის ხელისუფლება უფრთხოდეს ოფიციალური თბილისის ხშირად აუწონავ და
გაუთვლელ ქმედებებს, რაც საბრძოლო მოქმედებების განახლების საბაბად
შეიძლება გამოიყენოს კრემლმა.
ასეა თუ ისე, საქართველოს დღეს
ნაკლებად აქვს თავდაცვითი სახის ის შეიარაღება, რომელიც რუსული
თვითმფრინავებისა და ტანკებისგან დაგვიცავდა. სამაგიეროდ, პრიორიტეტულად
არის მიჩნეული შორეულ ავღანეთში ამერიკელების დასახმარებლად ახალ-ახალი
ქართული სამხედრო დანაყოფების გაგზავნა. როგორც ჩანს, საქართველო დიდი
პოლიტიკის პატარა მსხვერპლი გახდა.