აშშ ჰაიტიზე
მიწისძვრის შემდეგ დასახმარებლად გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების უკან
გამოყვანას მომდევნო 3-6 თვის განმავლობაში დაიწყებს. ამის შესახებ
ვიცე-ადმირალმა, ალან ტომპსონმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სამხედრო
უწყების ხელმძღვანელობა ჰაიტის ხელისუფლებას ნახევარი წლის განმავლობაში
ინტენსიურად დაეხმარება.
ამასთანავე, ვიცე-ადმირალმა პირადი აზრიც
გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პერიოდი შესაძლოა ორჯერ
შემცირდეს. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ჰაიტელებს ჰუმანიტარული
თვალსაზრისით და ასევე უსაფრთოების უზრუნველყოფაში იქამდე დაეხმარებიან,
ვიდრე სხვა ორგანიზაციები არ დაიწყებენ ამ პროცესში თავიანთი როლის
შესრულებას”, - იტყობინება ”იტარ-ტასი”.
თავის მხრივ, სახელმწიფო
მდივანმა, ჰილარი კლინტონმა უარყო ის ბრალდებები, რომლებსაც ჰაიტიზე აშშ-ის
პოლიტიკასთან დაკავშირებით სულ უფრო ხმამაღლა გამოთქვამენ. ჰილარი
კლინტონი ”ღრმად შეშფოთებულია იმ ადამიანთა გამო, რომლებიც აშშ-სა და
ამერიკელი ხალხის კეთილშობილებას თავს ესხმიან და ჰაიტიზე მიწისძვრის
შედეგებთან ბრძოლაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ლიდერობით უკმაყოფილონი არიან.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრმა
სილვიო ბერლუსკონიმ, ვაშინგტონსა და რომს შორის მომხდარ დიპლომატიურ
ინციდენტში პირადად ჩარევა აუცილებლად მიიჩნია. ინციდენტი იტალიის
სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის ხელმძღვანელის, გუიდო
ბერტოლაზოს მიერ 24 იანვარს გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა. ბერტოლაზომ
ჰაიტის დახმარების მოქმედი სისტემა მკაცრად გააკრიტიკა.
რომში
გავრცელებულ ბერლუსკონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”აშშ-ის სულგრძელი და
მნიშვნელოვანი ჩარევის გარეშე, ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ
წარმოქმნილ პრობლემებთან გამკლავება გაცილებით რთული იქნებოდა”. მართალია
პრემიერმა პირდაპირ არ ახსენა ბერტოლაზოს სახელი, მაგრამ მან ყველას
მოუწოდა თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებმაც შესაძლოა
პოლემიკა გამოიწვიოს. მისი თქმით, ”ამგვარ კრიტიკულ ვითარებაში ჰაიტის
დასახმარებლად ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფის დროს სირთულეების
წარმოქმნა, სამწუხაროდ, გარდაუვალია”.