საზღვაო დესანტს ელოდებიან?
27-29 ოქტომბერს აფხაზეთის სანაპიროზე დიდი ბათქაბუთქი ატყდება, რომელიც
თევზებსა და თოლიებს ძლიერ დააფრთხობს - აფხაზეთის სეპერატისტული რეჟიმი
ტრადიციულად ყოველწლიურ სწავლებას ჩაატარებს "ნაგვიალოუს" პოლიგონზე.
ამ
სწავლების სცენარიც ტრადიციული იქნება - აფხაზური ბატალიონი წარმატებით
მოიგერიებს სავარაუდო მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადასხმას ნაპირზე. საქართველოს
მეორე წელია აღარ ჰყავს სამხედრო-საზღვაო ძალები და მგონი ცალკეული
საზღვაო ქვეითთა ბატალიონიც გაუქმდა, მაგრამ როგორც ჩანს, შიშს დიდი
თვალები აქვს და სეპარატისტული სოხუმის რეჟიმი დღემდე მოელის ქართული
საზღვაო დესანტის გამოჩენას ზღვის სანაპიროზე.
მართალია, აფხაზეთის
ომის დასაწყისში, 1992 წელს, ქართულმა მხარემ მართლა გადასხა ერთხელ
საზღვაო დესანტი გაგრასა და განთიადში, მაგრამ მას შემდეგ საზღვაო
დესანტირების ოპერაციებს სწორედ სეპარატისტები და მათი მხარდამჭერი რუსეთი
ახორციელებდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
ასე მოხდა 1993 წლის 2
ივლისს ტამიშთან საზღვაო დესანტის გადმოსხმის დროს და ასე განმეორდა 2008
წლის 10 აგვისტოს ოჩამჩირესთან, სადაც რუსული საჰაერო-სადესანტო ჯარების
დანაყოფები გადმოისროლა კრემლმა ნოვოროსიისკიდან.
ამ ორივე საზღვაო
დესანტმა სერიოზული გართულებები გამოიწვია მთლიანად საქართველოსთვის.
მართალია 1993 წლის 9 ივლისისთვის ტამიში-კინდღის მონაკვეთი დიდი
მსხვერპლის ფასად გაიწმინდა აფხაზურ-რუსული საზღვაო დესანტის
ნარჩენებისგან, მაგრამ მოწინააღმდეგემ ხელში იგდო საბრძოლო უპირატესობა და
გაარღვია ფრონტის ხაზი სოფელ შრომასთან, რასაც მოჰყვა 1993 წლის 27 ივლისს
ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ქართული საბრძოლო ტექნიკის (მათ
შორის ასე საჭირო არტილერიის) ფოთში გატანაზე.
როგორც მოსალოდნელი
იყო, მოწინააღმდეგემ ისევ დაარღვია ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის
თაობაზე და 16 სექტემბერს განაახლა საბრძოლო მოქმედებები, რაც ორ კვირაში
აფხაზეთის დაკარგვით დამთავრდა; თუმცა ქართული მხარის კონტროლის ქვეშ დარჩა
კოდორის ხეობის ნაწილი.
2008 წლის 10 აგვისტოს ოჩამჩირესთან
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდმა სადესანტო გემებმა საზღვაო დესანტი
საბრძოლო ტექნიკასთან ერთად გადმოსხეს. მათმა ნაწილმა იერიში კოდორის
ხეობაზე მიიტანა (მათ შორის ჩვენივე გაკეთებული ახალი სამანქანო გზიდან),
რამაც კოდორის ხეობაც დაგვაკარგვინა. საზღვაო დესანტის მეორე ნაწილმა კი
უპრობლემოდ გადაკვეთა ხიდი მდ. ენგურზე და სამეგრელოს დროებით ოკუპაცია
მოახდინა, რასაც სენაკის სამხედრო ბაზის ნაწილობრივი განადგურება მოჰყვა.
როგორც
ხედავთ, საზღვაო დესანტებთან დაკავშირებულმა რეალობამ სწორედ საქართველოს
ერთიანობას გაუჩინა უდიდესი პრობლემები. დღეს სეპარატისტულ სოხუმშიც
კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირზე
ქართული საზღვაო დესანტის გადასხმა ფანტასტიკის სფერო თუა. თუმცა
სეპარატისტები მაინც მართავენ ასეთ სწავლებებს, რათა მათი მფარველი კრემლი
როგორმე დაარწმუნონ, რომ აფხაზებს სჭირდებათ საკუთარი შეიარაღებული
ფორმირებები.
მიუხედავად ამ მცდელობისა, დროთა განმავლობაში
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ჯარები
ადგილობრივი სეპარატისტების შეიარაღებულ ფორმირებებს მთლიანად დაშლიან,
რადგან მათ უკვე კარგად შეასრულეს მავრის როლი და რამდენიმე დამღუპველ ომში
ჩაითრიეს მთლიანად საქართველო. ხოლო თუკი სეპარატისტებიდან რომელიმე ამ
პროცესს წინ აღუდგება, რუსული სამხედრო-პოლიტიკური მანქანა, მას უბრალოდ,
გაანადგურებს.