მთავარი » სტატიები » Мои статьи

2010 წლის სამხედრო მოვლენების მიმოხილვა
მიმოხილვა 2010 წლის სამხედრო მოვლენების მიმოხილვა შემცირებული სამხედრო ბიუჯეტი, ავღანური მისია და "შავი სექტემბერი", რუსული საოკუპაციო ძალების გაძლიერება, შეცვლილი რეზერვი, არმიიდან გაყრილი ოფიცრები, გაუქმებული სამხედრო-საჰაერო ძალები, რეფორმები სამხედრო განათლებაში, ტერაქტები დედაქალაქში...

2010 წელს სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების სიმცირე საქართველოში ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ბევრად ნაკლებად დაძაბული ვითარება იყო, ვიდრე 2009 წელს. 2009 წლის ზაფხულში ჯერ კიდევ გვემუქრებოდა ომის განახლების საშიშროება, რასაც ვერ ვიტყვით წლევანდელ ზაფხულზე.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც მთლიანად ქვეყანას, ამოსუნთქვისა და იმის გაანალიზების საშუUალება მიეცა, თუ რა მძიმე შედეგი მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომს.

შემცირებული სამხედრო ბიუჯეტი

2008 წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი პიკს - 1,5 მლრდ ლარს მიუახლოვდა, რაც საქართველოსთანა ქვეყნისთვის ძნელად გასაწევი ჭაპანი გახდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შემდგომ წლებში დაიწყო სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრად შემცირება და თუ 2010 წელს დაახლოებით 750 მლნ ლარს შეადგენდა, მომავალი 2011 წლისთვის 660 მლნ ლარამდე დაეცემა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შტატით დაახლოებით 37 ათასი კაცი მსახურობს (რეალურად, უფრო ნაკლები) და ეს ბიუჯეტი გასწვდებოდა როგორც მათ ხელფასებსა და უზრუნველყოფას, ისე საბრძოლო მზადებას, მით უმეტეს, რომ საზღვარგარეთ შეიარაღების ყიდვა ძალზე შემცირდა (როგორც ეკონომიკური, ისე, უმთავრესად, პოლიტიკური მიზეზებით).

თუმცა ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სამხედრო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა ქართულ არმიას არც გასულ წელს მოჰკლებია, მაგრამ შემმოწმებელი არავინ იყო, რადგან კონტროლის პალატა თურმე აგვისტოს ომის შემდგომ შეგნებულად არიდებდა თავს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ფინანსურ მონიტორინგს(?!). როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, მომავალი წლიდან განაახლებენ მთავარი სამხედრო სტრუქტურის ფინანსურ შემოწმებას.


ავღანური მისია და "შავი სექტემბერი"

2010 წლის აპრილიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანურ მისიაში 925 კაცი მონაწილეობს, რაც ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე პროცენტულად პირველ ადგილზეა IშAF-ის ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებს შორის.

ბევრი კრიტიკული მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა ამხელა სამხედრო კონტინგენტის მივლინება საქართველოდან ორი ათასი კილომეტრის სიშორეზე, როდესაც მის დედაქალაქთან სულ ახლოს სხვა ქვეყნის საოკუპაციო ძალები დგანან.

ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდამ გაზარდა ინციდენტების ალბათობაც, განსაკუთრებით - ჰილმენდის პროვინციაში, რომელიც დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია.

გასული წლის სექტემბერი ნამდვილად ტრაგიკული იყო ქართული არმიისთვის, რადგან ჰილმენდის პროვინციაში ხუთი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ, ხოლო დაიჭრა 12 კაცი, მათგან თერთმეტის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში გულმოდგინედ მალავდა.


რუსული საოკუპაციო ძალების გაძლიერება


რუსული საოკუპაციო ძალები მთელი წლის განმავლობაში აძლიერებდნენ სამხედრო ბაზებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. პარალელურად, რუსი მესაზღვრეები ნიშნავდნენ საზღვრებს მდინარე ენგურისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთში შეიტანეს C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ხოლო ცხინვალთან განათავსეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩების" საარტილერიო დივიზიონი. შეიარაღების ეს ორივე სისტემა ძალზე ზრდის საფრთხეს, რადგან გალის რაიონიდან რუსულ C-300-ებს თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს თავზე შეუძლიათ საჰაერო სივრცის გაკონტროლება, ხოლო რუსული "სმერჩები" ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან თბილისამდე აღწევენ.



გაუქმებული სამხედრო-საჰაერო ძალები და არმიიდან გაყრილი ოფიცრები

გასული წლის დასაწყისშივე შეიარაღებული ძალებიდან 200-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დაითხოვეს. შეიძლება ზოგიერთი მართლაც არ იმსახურებდა ჯარში სამსახურს, მაგრამ არმიიდან დაითხოვეს ბევრი გამოცდილი და პროფესიონალი სამხედროც, თანაც ისე, რომ რამდენიმე თვეც არ დააცალეს პენსიაზე გასვლამდე.

გასულ წელს გაუქმდა სამხედრო-საჰაერო ძალები როგორც ჯარების ცალკეული სახეობა და საქართაველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ ერთი კომპონენტის - სახმელეთო ჯარების ამარა დარჩა (აგვისტოს ომის შემდგომ გააუქმეს სამხედრო-საზღვაო ძალებიც). თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა კმაყოფილია ამ ცვლილებით, თუმცა მათ მართებულობას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.


ახალი რეზერვი და ცვლილებები სამხედრო განათლებაში

გასული წლის შემოდგომაზე მოულოდნელად, ისე, რომ არ გამოქვეყნებულა თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რეზერვისტების სამი გაწვევა ჩატარდა. წინა წლებისგან განსხვავებით, რეზერვისტთა მომზადებას რეგულარული სამხედრო დანაყოფების ოფიცრები და სერჟანტები შეუდგნენ, რაც რეზერვისტების უკეთესად მომზადების გარანტიას იძლევა.

2010 წელს აღდგა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქუთაისში და პირველი სამასი მსმენელიც მიიღო, თუმცა ჩაბარების მსურველთა რიცხვი ხუთჯერ მეტი იყო. თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში რექტორად სამოქალაქო პირი დანიშნეს და მალე გამოჩნდება რა შეიცვლება აკადემიაში.


აგენტები არმიაში და ტერაქტები დედაქალაქში

ექვსი სამხედრო მფრინავის დაკავება შპიონაჟის ბრალდებით ნებისმიერი ქვეყნის არმიისთვის სამარცხვინოა. მით უმეტეს, თუკი ისინი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ უშუალოდ საბრძოლო მოქმედების დროსაც მუშაობდნენ. საზოგადოდ, ქართულ არმიაში უცხო ქვეყნების აგენტურის მოქმედება საჭირბოროტო საკითხი იქნება მომავალშიც.

საქართველოს დედაქალაქში ტერაქტების მოწყობას ქართველი სამართალდამცავები ბრალად რუსეთის სპეცსამსახურებს სდებენ. თუკი ეს სიმართლეა, მაშინ გამორიცხული არ არის, საფრთხე მომავალშიც დაგვემუქროს.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 655 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz